მუსიკის გიგანტის, ქუინსი ჯონსის კარიერა 60 წელზე მეტს ითვლის და ის მრავალმხრივ შემოქმედებით როლებს მოიცავდა. იგი იყო მუსიკოსი, კომპოზიტორი, პროდიუსერი, დირიჟორი, მომღერალი, ხმის ჩამწერი კომპანიის მფლობელი და აღმასრულებელი დირექტორი, ტელე-კინო პროდიუსერი და ჟურნალის დამფუძნებელი.
ჯონსის პუბლიცისტის, არნოლდ რობინსონის ცნობით, 27 გრემის მფლობელი, როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წევრი მუსიკოსი 3 ნოემბერს, ლოს-ანჯელესში, ოჯახის გარემოცვაში გარდაიცვალა.
„დღეს საღამოს ჩვენი გულები დაიმსხვრა. გვსურს საზოგადოებას გავუზიაროთ ინფორმაცია ჩვენი მამისა და ძმის, ქუინსი ჯონსის გარდაცვალების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი ოჯახისთვის უდიდესი დანაკარგია, ჩვენ მის დიდებულად განვლილ ცხოვრებას ვზეიმობთ. ის მართლაც უნიკალური ადამიანი იყო და ძალიან დაგვაკლდება. გვანუგეშებს და სიამაყით გვავსებს ის ფაქტი, რომ სიყვარულისა და სიხარულის უდიდესი არსი, რაც მისი დამახასიათებელი თვისება იყო, მან მსოფლიოს გაუზიარა. მუსიკითა და უსაზღვრო სიყვარულით განმსჭვალული ქუინსი ჯონსის გული მარადიულად გააგრძელებს სიცოცხლეს” – ნათქვამია მუსიკოსის ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ქუინსი ჯონსი მუსიკის რენესანსის ნამდვილი წარმომადგენელია, ქუინსი მუდამ ახალგაზრდაა, მუდამ ენერგიული და წარმოსახვით უსაზღვროდ მდიდარი“ – აღნიშნა ბილბორდთან საუბრისას 2013 წელს მუსიკის ლეგენდამ კლაივ დევისმა.
60 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ქუინსი ჯონსის მუსიკალური კარიერა ისეთ ლეგენდარულ მუსიკოსებთან ითანამშრომლობას მოიცავს, როგორიცაა კაუნთ ბეისი და კლარკ ტერი, ასევე რეი ჩარლზი, ფრენკ სინატრა და მაიკლ ჯექსონი.
ქუინსი ჯონსის მხარდაჭერით შეიქმნა მაიკლ ჯექსონის ალბომები: Off the Wall, Thriller და Bad.
1985 წელს ქუინსი ჯონსი ხელმძღვანელობდა ისტორიული სინგლის, We Are the World-ის ჩაწერას, რომელიც ბილბორდის Hot 100-ის ჩარტის პირველ ადგილზე მოხვდა.
კარიერის განმავლობაში ქუინსი ჯონსს 27 გრემის ჯილდო აქვს მიღებული მათ შორის Grammy Living Legend და Trustees Awards, ასევე საფრანგეთის უმაღლესი პატივის ჯილდო — Commandeur de la Legion d’Honneur. 2013 წელს მუსიკოსი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.