Radiohead 15 წლის შემდეგ ავსტრალიაში პირველად ბრუნდება. ჯგუფი 2027 წელს ქვეყნის მასშტაბით 16 საკონცერტო შოუს გამართავს.
ტურნე 3 მაისს პერთის RAC Arena-ზე, ოთხდღიანი შოუთი დაიწყება. რასაც მელბურნის Rod Laver Arena-სა და სიდნეის Afterpay Arena-ზე ექვს-ექვსი კონცერტი მოჰყვება, ტურნე კი 1 ივნისს დასრულდება.
ტრადიციული ტურნესგან განსხვავებით, ტომ იორკი, ჯონი გრინვუდი, კოლინ გრინვუდი, ფილიპ სელუეი და ედ ო’ბრაიენი თითოეულ ქალაქში რამდენიმე ღამით დარჩებიან.
ავსტრალიურ კონცერტებს, რომელთა ორგანიზატორიც Frontier Touring იქნება, იაპონიაში, საიტამაში დაგეგმილი ხუთი შოუც მოჰყვება. ჯგუფმა ასევე დაადასტურა, რომ 2027 წელს მსოფლიოს სხვა ქვეყნებში დამატებითი კონცერტების გამართვას აღარ გეგმავს.
საუბარი Radiohead-ის სცენაზე დაბრუნებაზე რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა. მოლოდინი განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც ამ წლის დასაწყისში ობრაიენმა Rolling Stone-ს განუცხადა, რომ ბენდს ავსტრალიაში დაბრუნება სურდა.
„ძალიან გვინდა, ავსტრალიაში ჩამოვიდეთ. უბრალოდ, ეს დროის საკითხია.” – აღნიშნა მან.
მოსალოდნელი მაღალი მოთხოვნის გამო, ბილეთები „ვინც მივა პირველი, მიიღებს პირველის“ პრინციპით არ გაიყიდება. მსურველებმა რეგისტრაცია წინასწარ უნდა გაიარონ სპეციალურ სისტემაში, რომელიც, როგორც ჩვეულებრივ, ისე ადაპტირებულ ბილეთებსაც მოიცავს. რეგისტრაცია უკვე გახსნილია და 10 სექტემბერს, ავსტრალიის დროით 17:00 საათზე დასრულდება. Frontier Touring-ის განცხადებით, ამ პერიოდში დარეგისტრირებულ ყველა მსურველს ბილეთის მიღების შანსი თანაბრად ექნება.
თითოეული გაყიდული ბილეთიდან 2 ავსტრალიური დოლარი Greenpeace Australia Pacific-სა და Australian Marine Conservation Society-ს გადაერიცხება.
ბოლო 30 წლის განმავლობაში ერთ-ერთმა ყველაზე აღიარებულმა და გავლენიანმა როკჯგუფმა ინგლისიდან, ფართო აუდიტორიის ყურადღება 1993 წელს სიმღერით Creep მიიპყრო. კომპოზიცია დღემდე Billboard Hot 100-ის ჩარტში ყველაზე მაღალრეიტინგულ ნამუშევრად რჩება, მისი საუკეთესო შედეგი კი 34-ე ადგილი იყო. მოგვიანებით სიმღერამ აშშ-ში პლატინის სტატუსიც მიიღო.
Radiohead Billboard 200-ის სათავეში ოთხჯერ მოექცა. ჯგუფმა ჩარტის პირველი ადგილი პირველად 2000 წელს ალბომით Kid A დაიკავა. მას მოჰყვა Amnesiac (2001), In Rainbows (2008) და 2016 წლის A Moon Shaped Pool – ამ დროისთვის მათი ბოლო სტუდიური ალბომი. ჯგუფის დისკოგრაფიაში ასევე განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ისეთ ლეგენდარულ ჩანაწერებს, როგორებიცაა OK Computer და The Bends.
ნახეთ RADIOHEAD-ის 2027 წლის ავსტრალიის ტურნეს თარიღები:
3, 4, 6, 7 მაისი – პერთი – RAC Arena;
13, 14, 16, 17, 19, 20 მაისი – მელბურნი – Rod Laver Arena;
25, 26, 28, 29, 31 მაისი, 1 ივნისი – სიდნეი – Afterpay Arena.