გრემის მფლობელი ინგლისელი მუსიკოსი, ჰარი სტაილზი ახალ ალბომს Harry’s House აანონსებს. როგორც არტისტმა სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე დაწერა, მისი რიგით მესამე სტუდიური ჩანაწერი გაყიდვაში 20 მაისს ჩაეშვება. თარიღთან ერთად მომღერალმა ნამუშევრის ყდაც გამოაქვეყნა.
ცნობილია, რომ Harry’s House-ში 13 კომპოზიცია იქნება წარმოდგენილი. მეტი, ვიდრე მის ნებისმიერ წინა ალბომში. ამასთან, ჰარიმ მომავალი ნამუშევრის 40-წამიანი თრეილერიც გამოაქვეყნა, რომელიც თეატრის სცენაზეა გადაღებული.
აღსანიშნავია, რომ ალბომის დაანონსებამდე 28 წლის პოპვარსკვლავის თაყვანისმცემლებმა შენიშნეს, რომ ჰარიმ სოციალურ ქსელებში ანგარიშები სახელწოდებით You Are Home გამოიწერა. მათ აგრეთვე აღმოაჩინეს ვებგვერდი YouAreHome.co, რომლის ერთადერთ გვერდზე გამოსახული კარის გახსნის შემდეგ ყოველდღიურად ახალი სურათის ნახვაა შესაძლებელი.
მუსიკოსი ფართო საზოგადოებამ 2010 წელს ბოიბენდში One Direction მოღვაწეობით გაიცნო. 2017 წელს მან სადებიუტო სტუდიური ალბომი Harry Styles გამოუშვა, რომელსაც Billboard 200-ის ჩარტში პირველი ადგილი ერგო. 2019 წელს იგივე შედეგი ჰარის მეორე ნამუშევარმა Fine Line გაიმეორა. 2021 წელს არტისტმა სიმღერით Watermelon Sugar გრემიზე საუკეთესო პოპ სოლო შესრულების ნომინაციაში გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ სტაილზი პირველი მამაკაცია, რომელიც ჟურნალ Vogue-ის ყდაზე მარტო დაბეჭდეს.