შვიდი თვის შემდეგ, რაც არგენტინის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა, მისი მთავარი ვარსკვლავი ლიონელ მესი მაიამიში გადავიდა საფეხბურთო კლუბ ინტერ მაიამიში სათამაშოდ, რომლის ერთ-ერთი მფლობელიც დევიდ ბექჰემია. მესის პრეზენტაციის ღონისძიებაზე ძლიერი წვიმა და ელჭექი იყო, თუმცა ამინდის მიუხედავად, შოუ მაინც შედგა.
ღონისძიება 6 საათზე დაიწყო, თუმცა ქარისა და წვიმის გამო ინაუგურაცია 2 საათით გვიან შედგა. „სულ ოდნავ გაწვიმდა, ოდნავ. ისეთი არაფერი” – იხუმრა არგენტინელმა რეპერმა პაულო ლონდრამ ინსტაგრამზე.
ლონდრა, კამილო, Tiago PZK და Bresh საღამოს გამომსვლელები იყვნენ. დაანონსებული იყო Ozuna-ს გამოსვლაც, თუმცა ის პროგრამაში არ ყოფილა.
„ერთი სული მაქვს, ვარჯიში დავიწყო. Სურვილი იგივე მაქვს, რაც ყოველთვის მქონდა: მოგება და კლუბის დახმარება განვითარებაში.” – თქვა მესიმ სიტყვით გამოსვლისას. „ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ოჯახთან ერთად ამ ქალაქში ჩამოსვლა ავირჩიე. ეჭვი არ მეპარება, რომ კარგ დროს გავატარებთ და ლამაზ მოგონებებს შევქმნით.”
შვიდგზის ოქროს ბურთის მფლობელსა და მსოფლიო ჩემპიონს კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე აქვს.
„პატივი მაქვს, მივიღო ლეო მესი და მისი ოჯახი მათ ახალ სახლში” – განაცხადა ინტერ მაიამის მენეჯერმა ხორხე მასმა. „2018 წელს ჩვენ დავდეთ პირობა, რომ შევქმნიდით ამბიციურ კლუბს, რომელიც მსოფლიოს ელიტარულ მოთამაშეებს მოიზიდავდა. კლუბს, რომელიც შეცვლიდა ფეხბურთის გლობალურ შეხედულებას აშშ-ში და ყველას დაარწმუნებდა, რომ როცა საუბარი ფეხბურთს ეხება, ინტერ მაიამი ამ საუბრის ნაწილია. გულითადი მადლობა ჩვენს ფანებს, რომელთაც არასდროს შეუწყვეტიათ რწმენა. ერთად ჩვენ შევძლებთ, ოცნებები რეალობად ვაქციოთ.”
ღონისძიებაზე სიტყვით დევიდ ბექჰემიც გამოვიდა: „ათი წლის წინ, როცა მაიამიში ახალი გუნდის დაარსება დავიწყე, ვთქვი, რომ ვოცნებობდი, მსოფლიოს ყველაზე დიდი ფეხბურთელები ამ საოცარ ქალაქში შემეკრიბა. ის ფეხბურთელები, რომლებიც იმ ამბიციას იზიარებდნენ, რაც მე მქონდა, როცა ლოს ანჯელესის გალაქსის შევუერთდი, რომ აშშ-ში ფეხბურთი განმევითარებინა და შემდეგი თაობებისთვის იმ სპორტის მემკვიდრეობა დამეტოვებინა, რომელიც ასე ძალიან გვიყვარს. დღეს ეს ოცნება ასრულდა. ვამაყობ, რომ ლეოს კალიბრის ფეხბურთელი უერთდება ჩვენს კლუბს. თუმცა ასევე მიხარია, რომ ვმასპინძლობ კარგ მეგობარს, საოცარ ადამიანს და მის ლამაზ ოჯახს. ჩვენი თავგადასავლის შემდეგი ეტაპი აქ იწყება და ერთი სული მაქვს, ლეო სტადიონზე ვნახო.”
მონაწილე მუსიკოსებმა კი ლეო მესის მიმართ პატივისცემა ინსტაგრამზე გამოხატეს.
„ბედნიერი ვარ 10 ნომრით და ყველაფრით, რასაც ის წარმოადგენს,” – დაწერა ლონდრამ. „პირველად ბარსელონაში გნახე, შემდეგ კატარში. დღეს კი – მაიამიში. უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი მეგობარი ხარ… მადლობა ყველაფრისთვის, რაც მასწავლე. შენ მსოფლიოს აკავშირებ იმით, თუ როგორი დიდი და ამავე დროს როგორი უბრალო ხარ.”
„დღეს მე მქონდა ბედნიერება, ვყოფილიყავი საოცარი ადამიანისა და ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელის გვერდით.” – დაწერა კამილომ. „მაშინ, როცა ყველა მას მიაგებდა პატივს, ის თავის ცოლთან ერთად უყურებდა, როგორ ურტყამდნენ ბურთს მათი შვილები ათასობით ადამიანის თვალწინ. ბედნიერები ვართ, რომ ის აქ გვყავს.”