Moodoid ფრანგული ფსიქოდელიური როკ ჯგუფია, რომელიც პაბლო პადოვანმა 2013 წელს დააფუძნა. 2023 წელს, პადოვანმა სოლო EP სახელწოდებით PRIMADONNA გამოსცა. სწორედ ამ ალბომის ბონუს ტრეკია Creams-თან ერთად ჩაწერილი სინგლი – My Way.
ახლახან პედრო პადოვანი თბილისში ჩამოვიდა. მუსიკოსის თბილისში ყოფნისას „Billboard საქართველომ” მასთან და Creams-თან ერთობლივი ინტერვიუ ჩაეწერა.
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ Moodoid სხვადასხვა ჟანრის ექსპერიმენტული სინთეზით ხშირად იქცევს კრიტიკოსების თუ გლობალურ სცენაზე მოღვაწე მუსიკოსების ყურადღებას. მაგალითისათვის: Moodoid-ის პირველ სინგლზე – Je suis à la montage ჯგუფ Tame Impala-ს ფრონტმენმა კევინ პარკერმა მიქსი გამოსცა. პაბლო პადოვანი თანამშრომლობს ისეთ არტისტებთან თუ მუსიკალურ კოლექტივებთან, როგორებიც არის Phoenix და დეომონ ალბარნი.
პაბლო პადოვანის შემოქმედებითი კარიერიდან გამომდინარე, განსაკუთრებით საინტერესოა მისი გადაკვეთა Creams-თან და არტისტების მუსიკალური ენის თანხვედრა.
Moodoid (პაბლო პადოვანი):
„სოლო ალბომის კონცეფცია იმაში მდგომარეობდა, რომ ქალ არტისტებთან ჩაწერილი მუსიკა გაერთიანებულიყო. ამიტომ, ჩემთვის საინტერესო მომღერლების ძებნა დავიწყე. ჩემმა მეგობარმა Creams-ის ტრეკი Sleep On Me მომასმენინა და გასულ ზაფხულს მას დავუკავშირდი. ამ პერიოდში იგი ბერლინში ცხოვრობდა. ჩავაკითხე, შემდეგ ერთობლივი ტრეკი ჩავწერეთ და დღეს აქ ვარ.”
„კოლაბორაცია არასდროს მქონია, ამიტომ არც ვიცოდი, ამ თანამშრომლობისგან რა მოლოდინები უნდა მქონოდა. პაბლოს ძალიან კარგად შევეწყვე, კომუნიკაცია მარტივად შედგა. სამუშაოდ ძალიან კომფორტულია. პირველი რამაც ტრეკის შექმნაზე საუბრისას დამაფიქრა ის იყო, რომ ჩვენი მუსიკალური ჟღერადობა ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავდება. რამდენადაც სულ მარტო ვმუშაობ, საკუთარ თავთან ყოველთვის კომფორტში ვარ. ამჯერად მინდოდა ეს ტრეკი ექსპერიმენტული და განსხვავებული ყოფილიყო.”
როგორც პაბლო პადოვანი ამბობს, Creams-ის მუსიკაში მისთვის ბევრი დეტალია საინტერესო. მათ შორის განსხვავებული ჟანრების სინთეზი და მსმენელთან ვიზუალური კომუნიკაცია.
Moodoid (პაბლო პადოვანი):
„მის შემოქმედებაში ერთად არის თანამედროვე და ფუტურისტული ესთეტიკა. ეს სინთეზი ძალიან მომწონს.”