„ტიკტოკმა” განაცხადა, რომ აშშ-ის მომხმარებლებისთვის სერვისების აღდგენას ცდილობს მას შემდეგ, რაც ვიდეოპლატფორმა რეგიონში ფედერალური აკრძალვის თანახმად გაუქმდა. ამის მიზეზი ახლადარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებაა, რომლის თანახმადაც, ის პრეზიდენტობის პირველსავე დღეს აღნიშნულ გადაწყვეტილებას შეაჩერებს. ტრამპის თქმით, ის გეგმავს, გამოსცეს ორდერი, რომელიც „ტიკტოკის” მშობელ ჩინურ კომპანიას მისცემს მეტ დროს, იპოვოს შესაფერისი მყიდველი, სანამ აკრძალვა სრულად შევა ძალაში. ტრამპმა ეს განცხადება სოციალურ ქსელში მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც „ტიკტოკის” მილიონობით მომხმარებელმა აშშ-ში პლატფორმაზე წვდომა დაკარგა.
„გუგლმა” და „ეფლმა” აპლიკაცია თავიანთი ციფრული მარკეტებიდან უკვე ამოიღეს კანონთან შესაბამისობაში მოსასვლელად, რომელიც მათ ამის გაკეთებას ავალდებულებდა იმ შემთხვევაში, თუ „ტიკტოკის” მფლობელი ჩინური კომპანია ByteDance აშშ-ის წარმომადგენლობას 19 იანვრამდე არ გაყიდდა.
კანონი ავალდებულებდა ByteDance-ს, ყველანაირი კავშირი გაეწყვიტა პლატფორმის აშშ-ის ოპერაციებთან, ეროვნული უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რაც აპლიკაციის ჩინურ წარმომავლობას უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ ინვესტორებს რამდენიმე შეთავაზება ჰქონდათ, ByteDance-მა განაცხადა, რომ აპლიკაციას არ გაყიდდა. ტრამპმა კი აღნიშნა, რომ მისი ორდერი „განავრცობს პერიოდს კანონის ძალაში შესვლამდე და არანაირი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება არც ერთ კომპანიას, რომელიც ჩემს ორდერამდე „ტიკტოკს” ფუნქციონირებაში დაეხმარება.”
“ამერიკელები იმსახურებენ, ნახონ ჩვენი საოცარი ინაუგურაცია ორშაბათს, ისევე, როგორც სხვა ღონისძიებები და საუბრები,” – დაწერა მან.
თუმცა კომპანიებმა აპლიკაცია უკვე ამოიღეს ციფრული მარკეტებიდან. „ეფლმა” მომხმარებელს განუცხადა, რომ მან ასევე ამოიღო ByteDance-ის სხვა აპლიკაციებიც, როგორებიცაა Lemon8, CapCut და Hypic. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სოლიდური ფინანსური სანქციები ელოდათ.
„ნებისმიერ კომპანიას, რომელიც იქნება გამავრცელებელი, სერვისის მიმწოდებელი, ან სხვა მხრივ დაეხმარება კომუნისტების მიერ კონტროლირებად „ტიკტოკს”, ასობით მილიარდი დოლარის ფინანსური პასუხისმგებლობა დაეკისრება,” – წერდა სენატორი ტომ კოტონი.
„ეფლი” ვალდებულია მიჰყვეს იმ ტერიტორიის იურისდიქციას, სადაც ის ოპერირებს” – ამბობს კომპანია.
თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს, 2020 წელს, ტრამპმა გამოსცა ორდერები „ტიკტოკისა” და ჩინური WeChat-ის ასაკრძალად, თუმცა ეს ინიციატივა მაშინ მას სასამართლომ დაუბლოკა. გასულ წელს კი, როცა აკრძალვის საკითხი ახლიდან დადგა კონგრესში, მან კანონპროექტს წინააღმდეგობა გაუწია. მას შემდეგ ტრამპი მიიჩნევს, რომ სწორედ „ტიკტოკი” დაეხმარა მას ამ არჩევნებზე ახალგაზრდა ამომრჩევლის მხარდაჭერის მოპოვებაში.
9 თვის შემდეგ, რაც კონგრესმა კანონი მიიღო, რეალური მყიდველი არ გამოჩენილა და ByteDance-მა საჯაროდ დაიჟინა, რომ პლატფორმას არ გაყიდდა. თუმცა ტრამპი იმედს გამოთქვამს, რომ მისი ადმინისტრაცია აპლიკაციის გადასარჩენად ამ შეთანხმებას გაამარტივებს.
ტრამპის ინაუგურაციაზე საპატიო ადგილას ერთ-ერთ სტუმრად სწორედ „ტიკტოკის” აღმასრულებელ დირექტორს, შოუ ჩიუს ელოდებიან. ჩიუმ ვიდეოს საშუალებით მადლობა გადაუხადა ტრამპს მისი წვლილისა და მცდელობისთვის, რათა აპლიკაცია აშშ-ში ხელმისაწვდომი დარჩეს.
ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ უოლცმა CBS News-სთან საუბარში აღნიშნა, რომ ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა „ტიკტოკის” საკითხი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან სატელეფონო საუბარშიც განიხილა და „შეთანხმდნენ, რომ ამ საკითხზე ერთად იმუშავებდნენ.”